რა განსხვავებაა ჩუქებასა და ანდერძს შორის

წინამდებარე საკითხი პრაქტიკულ დანიშნულებას იძენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება შთამომავლებისათვის მამკვიდრებლის ქონების გადაცემას.
ანდერძით ქონების გადაცემის შემთხვევაში, მოანდერძე რჩება ქონების მესაკუთრედ თავისი სიცოცხლის განმავლობაში და განკარგავს მას.
ანდერძით ქონების დატოვებისას, მამკვიდრებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, მემკვიდრეებისათვის შეუტყობინებლად შეცვალოს მემკვიდრეთა ნუსხა, ხოლო ჩუქებით შთამომავლისათვის ქონების გადაცემისას, ქონების მიმღები ხდება ავტომატურად მისი მესაკუთრე.
ანდერძით დატოვებული ქონების მიღების დროს, მემკვიდრეებს ქონება გადაეცემათ მამკვიდრებლის ვალებთან ერთად. თუ ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს არ უნდა მამკვიდრებლის ვალების მიღება, მან საერთოდ უარი უნდა განაცხადოს ქონებაზე.
ხოლო ჩუქების შემთხვევაში, დასაჩუქრებულზე მჩუქებლის ვალების გადაკისრება არ ხდება.
ერთი შეხედვით, ანდერძი მეტად იცავს მამკვიდრებლის, ხოლო ჩუქება მემკვიდრის (დასაჩუქრებულის) ინტერესებს, თუმცა ჩუქებას ახასიათებს სხვა სპეციფიკაც.
ნაჩუქარი ქონების უკან გამოთხოვა შესაძლებელია, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.