რა განსხვავებაა მფლობელობასა და საკუთრებას შორის

ნივთის მფლობელი იყენებს ნივთს დანიშნულებისამებრ, თუმცა იგი არ არის უფლებამოსილი გაყიდოს, გააქირავოს ან სხვა რაიმე სახის გარიგება დადოს მასზე მესაკუთრის ნებართვის გარეშე.
მფლობელობის წარმოშობისათვის საკმარისია მოვიპოვოთ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა ჩვენი ნებით, ხოლო საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების დადება მხარეებს შორის, კერძოდ, მესაკუთრესა და ნივთის შემძენს/დასაჩუქრებულს შორის - შემძენზე/დასაჩუქრებულზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი (მაგალითად მობილურის) არის ავტომატურად მისი მესაკუთრეც, თუმცა განსხვავებული პრეზუმფცია არსებობს უძრავი ნივთების მიმართ.
უძრავი ქონების, მაგალითად - საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეზე საკუთრების უფლება აუცილებელია აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში, შესაბამისად, ბინით მოსარგებლეს (მაგ: დამქირავებელს) ავტომატურად ვერ გავაიგივებთ მესაკუთრესთან, სანამ ქონებაზე საკუთრების უფლება არ დადასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით.