რა შემთხვევაში ტარდება ჩხრეკა?

Semakavebeli-orderi

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გამომძიებელს უფლება აქვს, ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.

ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ჩხრეკა.

განჩინების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, ნებაყოფლობით გადაცემას.

ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე.

ჩხრეკის დროს აღმოჩენილი საგანი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ.

იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის თანდასწრებით.