ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად
დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი
ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია
მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს
უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების
ტერიტორიაზე.
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდიან,
როგორც წესი: პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის
ჩადენისთვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 10 წელს არ
აღემატება; ქალი, რომელსაც სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს
დანიშნული.
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად
დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით
აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება,
რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები
განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდიან,
როგორც წესი: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი,
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ
დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის
არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული
პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული.
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს
აგრეთვე სხვა მსჯავრდებული რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.