შრომის ურთიერთობაში ორსული ქალის სტატუსი განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა - და
ეს დაცვა მხოლოდ ეთიკური მოთხოვნა კი არა, საქართველოს შრომის კოდექსით
პირდაპირ განსაზღვრული სამართლებრივი გარანტიაა.
როდესაც ხელშეკრულების ერთ მხარეს შედარებით ძლიერი უფლებრივი ბერკეტები
აქვს, უფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე მატულობს, განსაკუთრებით კი მაშინ,
როდესაც საქმე მოწყვლად ჯგუფს, ორსულ ქალებს ეხებათ. კანონმდებელი კი
აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად ცდილობს, კანონი მაქსიმალურად
განსაზღვრადი გახადოს, რაც, ერთის მხრივ, დამსაქმებლის უფლებრივ მდგომარეობას
ამყარებს, მეორეს მხრივ კი, დამსაქმებელს სამომავლო გაურკვევლობის თავიდან
არიდებაში ეხმარება.
დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი
ორსულობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან ორსულობის, მშობიარობისა
და ბავშვის მოვლის გამო, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის შვებულების და ბავშვის
მოვლის გამო დამატებითი შვებულებების პერიოდის განმავლობაში.
აღნიშნულ რეგულაციას შეგვძლია ვუწოდოთ „ქალებისთვის გათვალისწინებული
შეღავათები“ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში, რაც
გარანტირებულს ხდის ქალის უზრუნველყოფას სათანადო სამუშაო პირობებით, ასევე,
ზღუდავს ქალის სამუშაოდან გათავისუფლების შესაძლებლობას ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში.
სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არც დამსაქმებლის ფინანსური დანაკარგი
ამართლებს ორსული ქალის გათავისუფლებას და არც საწარმოს სათანადოდ
ფუნქციონირების ასპექტები, რამდენადაც დამსაქმებელმა უნდა ივარაუდოს
ეკონომიკური და ორგანიზაციული რისკის შედეგები ორსულ დასაქმებულებთან
მიმართებით.
ორსულობის საფუძვლით ქალი-დასაქმებულის გათავისუფლება წარმოადგენს
პირდაპირ დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.
ვინაიდან ორსულობის საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლება აფუძნებს
პირდაპირ დისკრიმინაციას სქესის ნიშნით, რა სახის და მოცულობის ეკონომიკური
დანაკარგიც არ უნდა განიცადოს დამსაქმებელმა ორსული დასაქმებულის სამუშაოზე
არყოფნის შედეგად, მიუხედავად იმისა, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იყო
განსაზღვრული (ვადიანი) თუ განუსაზღვრელი (უვადო) ვადით, ეს არ ცვლის
გათავისუფლების დისკრიმინაციულ ხასიათს ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებულის
მიერ თავისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის
შეუსრულებლობა დაკავშირებულია ორსულობასთან.
ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა არ უნდა გახდეს შრომითი უფლებების
შეზღუდვის წინაპირობა. ქალის მოწყვლადი მდგომარეობა არ არის დისკრიმინაციის
საფუძველი. დასაქმებულს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები და სრულფასოვნად
უნდა შეეძლოს საშვებულებო უფლებების რეალიზება.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენც დისკრიმინაციის მსხვერპლი ხართ, მიმართეთ საქართველოს
შრომის ინსპექციას ან სასამართლოს.