იარაღის შესახებ
რა რეგულაციები არსებობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით?
იარაღი – ეს არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად/გასანადგურებლად.
იარაღი შეიძლება იყოს შემდეგი სახის - სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო.
სამოქალაქო იარაღად ითვლება თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო იარაღი;
თავდაცვის იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; გაზის (აირის) იარაღი და ელექტროშოკური მოწყობილობა.
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ ძალოვანი უწყების წარმომადგენელბს, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა და ა.შ.
ნებისმიერი იარაღი და საბრძოლო მასალა ისეთ პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება მათი დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღთან გარეშე პირთა დაშვება;
იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლების მოსაპოვებლად საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდის ჩაბარება ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად პირი ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
იარაღის შეძენა აკრძალულია 18 წლამდე პირის მიერ, არაქმედუნარიანის, ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულის პირის მიერ, ნასამართლევი პირის მიერ. აგრეთვე იარაღის შეძენა არ შეუძლია იმ პირს ვის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება დასჯადია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ასევე დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ცივი იარაღის ტარებისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, აგრეთვე პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, ცივი იარაღის ტარება ისჯება სისხლის სამართლის წესით.
