რას გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრება?

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც ასახულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი.
მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
აუცილებელია იმის ცოდნა, რომ პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.
საქართველო არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი, რომელიც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და განვითარებას.
თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ იურისტს საკუთარი უფლებების დასაცავად.