რა განსხვავებაა ქირავნობასა და იჯარას შორის

ბევრ ადამიანს აქვს ურთიერთობა ფართის გაქირავებასთან ან იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ორი ხელშეკრულება არ არის იდენტური და მათ შორის განსხვავებებს აყალიბებს ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი".
ხსენებული ნორმატიული აქტის თანახმად:
ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი შეთანხმებული ვადით. დამქირავებელი კი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს შეთანხმებული ქირა.
იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში, რა დროსაც ძირითადი მიზანი უნდა იყოს კომერციული სარგებლის მიღება მოიჯარის მხრიდან. ამ დროს მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს (მესაკუთრეს) დათქმული საიჯარო ქირა.
ზოგადად იჯარა არის ქირავნობის ქვესახეობა. მათი განმასახვავებელი ძირითადი ნიშანი არის ის, რომ ქირავნობის დროს დამქირავებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ნივთის მოხმარება პირადი დანიშნულებით, განსხვავებით იჯარისგან რა დროსაც მოიჯარე მისთვის გადაცემული საიჯარო ქონებიდან ცდილობს მიიღოს გარკვეული შემოსავალი.
მაგ: დამქირავებლის მიერ ბინის ქირავნობისას, მის უშუალო მიზანს წარმოადგენს ნივთის საცხოვრებელ სადგომად გამოყენება (კომერციული დანიშნულების გარეშე).
მოიჯარის მიერ კორპუსის პირველი სართულის იჯარით აღებისას, მას შეუძლია მისი კომერციულ ფართად გამოყენება (სურსათის, თამბაქოს ან ავეჯის მაღაზიის გახსნა და ა.შ), რა დროსაც გადამწყვეტი არის მოგების მიღების მიზანი.
დამქირავებელს შეუძლია, რომ ქირავნობის ობიექტი, გამქირავებლის თანხმობით გადასცეს მესამე პირს, რასაც ეწოდება „ქვექირავნობა“. აგრეთვე ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ, ქირავნობის ობიექტში შეტანილ ნივთებზე.
ქირავნობის შემთხვევაში სახელმწიფო გადასახადი დადგენილია 5 %-ის სახით, ხოლო იჯარის დროს 20 %-ით.
ქირავნობის მსგავსად, იჯარის ხელშეკრულებით, შესაძლებელია, რომ მოიჯარემ გასცეს იჯარის ობიექტი, მეიჯარის თანხმობით მესამე პირზე, რასაც ეწოდება „ქვეიჯარა“.
აღსანიშნავია, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.