ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი?

ქართულ სამოქალაქო სამართალში კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი გვხვდება ისეთი ვითარების არსებობისას, როდესაც პირმა ნივთი შეიძინა გამსხვისებლისგან, რომელიც არ იყო ნივთის მესაკუთრე, თუმცა შემძენს ეგონა, რომ გარიგებას უფლებამოსილ პირთან დებდა.
კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი მაშინ იცავს პირს, როდესაც მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა ნივთის უფლებრივ ნაკლზე.
კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილ მესაკუთრეს არ აქვს უფლება შემძენისგან მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
თუმცა სამართლებრივად აქვს საშუალება, რომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე წაუყენოს ნივთის გამყიდველს.
საინტერესოა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი მოქმედებს მხოლოდ არარეგისტრირებად მოძრავ ნივთებზე.
აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო, შესაბამისად შემძენს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გადახდილი თანხა ან სხვა სიკეთე ნივთზე საკუთრების მისაღებად.