რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი თავს არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენის მოვალეობას?

თუ მშობელი თავს არიდებს ალიმენტის გადახდის ვალდებულებას, მეორე მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრება.
აღსანიშავია, რომ ალიმენტი ატარებს უპირობო ხასიათს, კერძოდ, ის აუცილებლად დაეკისრება მშობელს, თუნდაც არ ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.
თუმცა სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯელობს ალიმენტის ოდენობაზე მშობლებისა და ბავშვის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად,მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, როგორიცაა მაგალითად მძიმე ავადმყოფობა. ალიმენტის გადახდის ვალდებულება წყდება პირის გარდაცვალებით, იგი არ შეიძლება გავრცელდეს გადამხდელის სხვა ოჯახის წევრებზე.
პაპა და ბებია მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან ვალდებულნი არჩინონ შვილიშვილი, თუ მათ ამისათვის საკმარისი სახსრები აქვთ და ბავშვი სარჩოს ვერ იღებს თავისი მშობლებისგან.