რა უნდა ვიცოდეთ ხანდაზმულობაზე?

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ როდესაც მოვალე არ ასრულებს ჩვენს წინაშე რაიმე ვალდებულებას ნებაყოფლობით, ჩვენი ინტერესების დასაცავად შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს და იძულებითი გზით მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების რეალიზაცია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენი უფლებების დაცვის შესაძლებლობა დროში შეზღუდულია.

სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

🔷 ხანდაზმულობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მოვალეს შეუძლია უარი განაცხადოს ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ჩვენ, როგორც კრედიტორები, ვეღარ გამოვიყენებთ იძულების მექანიზმს შესაბამისი უფლების რეალიზაციისათვის.

🔹 მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ხანდაზმულოვის ვადის გასვლა თავისთავად მოთხოვნის უფლების გაუქმებას არ იწვევს, არამედ მოვალეს აძლევს საშუალებას, უარი განაცხადოს შესრულების განხორციელებაზე.

მაგალითისთვის: თუ მსესხებელს აქვს ფინანსური დავალიანება კრედიტორის მიმართ, და იგი 3 წლის განმავლობაში თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ხსენებული პერიოდის გასვლის შემდგომ ჩვენს მოთხოვნაზე - მსესხებელმა დაგვიბრუნოს კუთვნილი თანხა, გავრცელდება ხანდაზმულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იგი წარმოადგენს პრეტენზიას ამ ვადის გასვლაზე მითითებით კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის არსებობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდება.

თუმცა, თუ მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა ვალდებულება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, მას არ შეუძლია მოითხოვოს შესრულების უკან დაბრუნება იმ მოტივით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.