როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

მომრავლებული ავტოსაგზაო ტრანსპორტის ფონზე ბუნებრივია იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვიც, რაც ხშირად სამწუხაროდ ფატალური შედეგით მთავრდება. თუმცა 95 % ის შემთხვევაში, ზიანი ფინანსურია და მის რეგულირებას თავისი პრაქტიკული წესები აქვს.

უპირველეს ყოვლისა, რჩევები ეხებათ იმ კატეგორიის მძღოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილი დაზღვეული. დაზღვევის შემთხვევაში მარტივია, რეკავ სადაზღვევო კომპანიაში, სადაც თავად არეგულირებენ ავტოსაგზაო შემთხვევას, თუმცა აქაც არის რისკი. კერძოდ კი ისეთი შემთხვევა, როდესაც სადაზღვევო პოლისი არ ფარავს მესამე პირის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობას, მაგალითად თუ თქვენ დააზიანეთ ძვირადღირებული ავტომობილი და საპატრულო პოლიციამ თქვენ გაგამტყუნათ, იმ შემთხვევაში თუ არ გაგაჩნიათ მესამე პირის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის დაზღვევაც, თქვენ მოგიწევთ დაზარალებული ავტომობილის ზიანის ანაზღაურებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის სამართალდარღვევის ოქმი (ე.წ. ჯარიმა) უხეშად, რომ ვთქვათ, ვისაც აჯარიმებს პატრული ის იხდის ყველაფერს, საკუთარი ავტომობილის ხარჯებსაც და სხვის ხარჯებსაც, ვინც კი მონაწილეობდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში.
პირველი პრაქტიკული რჩევა, რაც შეიძლება ამ დროს გავითვალისწინოთ არის ის, რომ გაარკვიოთ დაზღვეული ყავს თუ არა ავარიის მეორე მონაწილეს ავტომობილი. იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული ყავს, შეგიძლიათ თხოვოთ, რომ ჯარიმის ქვითარი თავის თავზე გამოაწერინოს პატრულს, რასაც თქვენ დაფარავთ, მისი სადაზღვევო კომპანია კი სრულად აუნაზღაურებს ზიანს და ამ მოქმედებით პრაქტიკულად არაფერს არ კარგავს. ეს ფანდი ხშირად ჭრის და შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანიც კი აგაცილოთ თავიდან, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია ძვირადღირებული ავტომობილი.

იმ შემთხვევაში თუ პატრულმა მაინც თქვენ გაგამტყუნათ და გამოგიწერათ ჯარიმის ქვითარი, აუცილებლად გადაუღეთ ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილის ავტომობილს სურათები, რათა ზუსტად ჩანდეს რა ადგილები აქვს დაზიანებული. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვაგან გადაყვანის დროს ავტომობილს დამატებითი დაზიანებები უჩნდება. ამ დროს სურათების გარეშე შეიძლება თქვენ მოგიწიოთ დამატებითი დაზიანებების საფასურის გადახდაც.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი (როგორიც არის ჯარიმის ქვითარი) ექვემდებარება გასაჩივრებას და თუ თვლით, რომ პატრულმა უსამართლოდ დაგაჯარიმათ და ავტოსაგზაო შემთხვევაში უდანაშაულო იყავით, სასწრაფოდ მოიძიეთ კვალიფიციური იურისტი, რომელიც გაასაჩივრებს ჯარიმის ქვითარს და უზრუნველყოფს შემდგომ იურიდიულ პროცედურებს.

ყველაზე ცუდი განვითარება, რაც შეიძლება ასეთ ფინანსურ ზიანს მოჰყვეს არის შემთხვევა, როდესაც მეორე მხარის ავტომობილი დაზღვეულია და თქვენ გაგამტყუნეს. ასეთ დროს, როგორც წესი მხარეები მშვიდად ემშვიდობებიან ერთმანეთს იმის განცდით, რომ მანქანა დაზღვეული იყო და ყველაფერი დასრულდა. სინამდვილეში კი დასრულდა ერთი ეპიზოდი და დაიწყო ახალი. ე.წ. სუბროგაციული მოთხოვნის რეალიზება დამნაშავე მძღოლის მიმართ სადაზღვევო კომპანიის მიერ. მარტივად, რომ ვთქვათ, სადაზღვევო კომპანია აუცილებლად გიჩივლებთ ბევრად უფრო დახვეწილი იურიდიული აპარატითა და რესურსებით ვიდრე ამას დაზარალებული მძღოლი იზავდა, დიდი ალბათობით დაგიყადაღებთ რეგისტრირებულ ქონებას და ეს ყველაფერი მოხდება არა რეალურ ზიანზე, არამედ გაზრდილი ოდენობით, რადგანაც როგორც წესი, მესამე პირის მიმართ მოთხოვნის არსებობის დროს სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად აფასებენ ზიანს ვიდრე რეალურად სახეზეა.

ამის მიზეზი ორია, კლიენტის კმაყოფილება და სხვების მოყვანის ალბათობა და მეორე, შესაძლებლობა, რომ ეს თანხა დაეკისროს სუბიექტს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და რეალური ზიანის დასადასტურებლად უმჯობესია თავიდანვე იყოთ ჩართული შეფასების პროცედურებში ან მინიმუმ გადაღებული გქონდეთ რეალური ზიანის ამსახველი ფოტოსურათები. წინდახედული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აგაცილებთ იმ ფინანსურ ზიანს, რისი რისკიც კანონმდებლობისა და რიგი არაკეთილსინდისიერი ბიზნესსუბიექტების მიზეზით იქმნება.

P.S. ავტოსაგზაო შემთხვევისას გამოიყენება ე.წ. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ დამნაშავე მძღოლთან ერთად, თუკი იგი არ არის ავტომობილის მესაკუთრე, პასუხს აგებს ეს უკანასკნელიც. (მესაკუთრე).