აქვს თუ არა პატიმარს პაემნის უფლება?


ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება.
ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც კანონოთ გათვალისწინებული არ არის. ხანგრძლივი პაემანი არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან ერთად ცხოვრება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.
ბრალდებულს უფლება აქვს, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი.
მსჯავრდებულს უფლება აქვს: ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი; დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი; ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი.
ხანგრძლივი პაემნის ხანგრძლივობაა 23 საათი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.