რას წარმოადგენს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება?

განსაკუთრებული რისკის დაწესებულება

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ, ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას.
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ სარგებლობს:
ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით;
ბ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით;
გ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. მსჯავრდებულის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.