უცხო ქვეყნის კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია საქართველოში

როგორ ხდება უცხო ქვეყნის კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია საქართველოში.
საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის კუთხით, თუმცა ხსენებული საკითხი მაინც მოითხოვს სიღრმისეულ იურიდიულ მომსახურებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიას ან წარმომადგენლობას აფუძნებს იურიდიული პირი. ერთ-ერთი მიმართულებაა ფილიალის დაარსება, როგორც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოსთვის.

უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის საქართველოში რეგისტრაციისთვის აუცილებელია სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

დაინტერესებული პირის განცხადება;
დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უცხო ქვეყნის საწარმოს წესდება;
უცხო ქვეყნის საწარმოს ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან;
უფლებამოსილი ორგანოს დოკუმენტი, სადაც გამოჩნდება მეწილეთა/აქციონერთა ინფორმაცია და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი;
ფილიალის დაფუძნების შესახებ უცხო ქვეყნის საწარმოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება, ფილიალის რეგისტრაციის შესახებ, რომლის შინაარსი თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა, სადაც განისაზღვრება ფილიალის იურიდიული მისამართი;
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება;
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის" შესაძლებელია დამატებით წარსადგენი იყოს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელი იქნება რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია საქართველოში გამარტივებულია, ყოველთვის უმჯობესია კონსულტაცია გავიაროთ კვალიფიციურ იურისტთან ან იურიდიულ ფირმასთან და რეგისტრაცია მოვახდინოთ მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის მეშვეობით