თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება


რას ნიშნავს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება?

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში.
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა 1 წელს არ აღემატება.
ხსენებულ დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
სამსახურის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე. დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიოა.
თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას, დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.