არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება


დღეს, როდესაც არასრულწლოვნები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათი პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, ფოტო ან/და ვიდეო მასალა, მისამართი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება.
არასრულწლოვნის მონაცემების შეგროვება და გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისეთი ფორმით, რომელიც არ დააზიანებს მის ინტერესებსა და უფლებებს.
არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ პირმა, რომელიც ამუშავებს არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებს, აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ეს მონაცემები იყოს დაცული და მიუწვდომელი სხვა პირებისათვის.