ვინ აგებს პასუხს თქვენს ჯანმრთელობაზე?


საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ისეთი ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია:

 პაციენტის უფლებების დარღვევით;
 მცდარი სამედიცინო ქმედებით.
ექიმის პასუხისმგებლობის დასადგენად საჭიროა დამტკიცდეს, რომ მან პაციენტს არ გაუწია სათანადო დახმარება. უკანონო ქცევად ექიმის მხრიდან, ითვლება არა მხოლოდ არასწორი მოქმედება, არამედ ის შემთხვევაც, როცა ექიმი საჭირო დროს უმოქმედოდ იყო.
ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება, რომ პაციენტის დაზიანება პირდაპირ გამოწვეულია ექიმის მცდარი სამედიცინო ქმედებით. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს.
მხოლოდ ის, რომ მკურნალობა უშედეგო იყო ან ცუდად დამთავრდა, ავტომატურად არ ნიშნავს ექიმის ბრალეულობას. თუ მკურნალობა სწორად ჩატარდა, მაგრამ მაინც უარყოფითი შედეგი მივიღეთ, ექიმი ასეთ დროს პასუხისმგებელი არ არის.
ექიმის შეცდომად ითვლება შემთხვევა, როცა ის არღვევს საერთო სამედიცინო და ეთიკურ წესებს ან კანონით დადგენილ ნორმებს, რის გამოც პაციენტს არასწორი დიაგნოზი ან მკურნალობა ენიშნება და ამას პირდაპირ მოჰყვება ზიანი.
თქვენი ჯანმრთელობა - თქვენი უფლებაა! ნუ შეეგუებით არასათანადო მკურნალობას. იცოდეთ თქვენი უფლებები, დაიცავით ისინი და მოითხოვეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.