ბრალდებულის უფლება-მოვალეობები
ბრალდებული სარგებლობს შემდეგი უფლებებით და გააჩნია შემდეგი მოვალეობები:
1. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.
2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. აქვს უფლება შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.
3. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია.
5. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.
6. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა.
7. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების შესახებ და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა.
8. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.
9. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში.
