სამსახურიდან გაშვება „საკუთარი განცხადების“ საფუძველზე - რატომ არ უნდა მოაწეროთ ხელი დაუფიქრებლად


შრომით ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი სამსახურის დაკარგვაა. ხშირად, როდესაც დამსაქმებელს თქვენი გაშვება სურს, ის გთავაზობთ „ცივილიზებულ“ გზას: „დაწერე განცხადება საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ“. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კეთილგონივრულ შემოთავაზებად მოგეჩვენოთ, რათა სამუშაო ისტორია არ „გაგიფუჭდეთ“, თუმცა რეალობა ბევრად უფრო მკაცრია.
სანამ კალამს აიღებთ, უნდა იცოდეთ, რას კარგავთ ამ ერთი ხელმოწერით.
1. კომპენსაციის უფლების დაკარგვა საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი თავისი ინიციატივით (მაგალითად, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გამო) გიშვებთ, ის ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია სულ მცირე ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. თუ თქვენ წერთ განცხადებას: იურიდიულად ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნებით თქვით უარი სამსახურზე. ასეთ დროს დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდის არანაირი ვალდებულება აღარ აქვს.
2. სასამართლო დავის პერსპექტივა ნულდება თუ მიგაჩნიათ, რომ უსამართლოდ გიშვებენ, თქვენ გაქვთ უფლება სასამართლოში იბრძოლოთ სამსახურში აღდგენისთვის ან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისთვის. თუ თქვენ წერთ განცხადებას: სასამართლოში პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ „იძულებით დაწერეთ“. თქვენი ხელმოწერა არის მტკიცებულება, რომ წასვლა თქვენი გააზრებული გადაწყვეტილება იყო. შედეგად, დავის მოგების შანსი მინიმუმამდე დადის (თუმცა აქ არ ვგულისხმობთ, რომ მოგების შანსი გერთმევათ).
3. ფსიქოლოგიური წნეხი: „ასე ჯობია შენი რეპუტაციისთვის“ დამსაქმებლები ხშირად იყენებენ არგუმენტს, რომ „საკუთარი სურვილით“ წასვლა უკეთესად ჩანს CV-ში, ვიდრე „გათავისუფლება“. რეალურად, თანამედროვე HR- მენეჯერებმა კარგად იციან ეს პრაქტიკა. თქვენი რეპუტაცია უფრო მეტად დაზარალდება, თუ უსამართლოდ დაკარგავთ კუთვნილ ანაზღაურებას. რას გვირჩევს კანონი? როგორ მოვიქცეთ?
თუ გრძნობთ, რომ გათავისუფლებას გიპირებენ და „საკუთარ განცხადებას“ გთხოვენ, მიჰყევით ამ წესებს:
 არ იჩქაროთ: თქვენ გაქვთ უფლება, არ მოაწეროთ ხელი საბუთს ადგილზევე. წაიღეთ დოკუმენტი სახლში, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან.
 მოითხოვეთ წერილობითი დასაბუთება: თუ დამსაქმებელს თქვენი გაშვება უნდა, მან უნდა გამოსცეს ბრძანება და მიუთითოს კონკრეტული საფუძველი (მაგ. დისციპლინური გადაცდომა ან რეორგანიზაცია).
 შესთავაზეთ „მხარეთა შეთანხმება“: თუ მაინც გსურთ წასვლა, ნუ დაწერთ „საკუთარი სურვილით“. გააფორმეთ შეთანხმება მხარეთა შორის, სადაც ჩაიწერება, რომ მიდიხართ კონკრეტული ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ. ეს სამართლებრივად ორივე მხარისთვის დაცული გზაა.
საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა არის თქვენს უფლებებზე ნებაყოფლობით უარის თქმა. თუ რეალურად არ გსურთ სამსახურის დატოვება, ნუ დაეხმარებით დამსაქმებელს კანონის გვერდის ავლით თქვენს გათავისუფლებაში.