მარიხუანას მოხმარება


დასჯადია თუ არა მარიხუანას ე.წ. პლანის მოხმარება და შენახვა?

1. მცირე ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მცირე ოდენობად ითვლება გამომშრალი მარიხუანა 5 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანა 10 გრამამდე.
2. მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
3. მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულებაში, რესტორანში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1200 ლარამდე.
მარიხუანას მოხმარებად ითვლება ნარკოტიკული საშუალების მიღების/მოწევის პროცესი.
პირი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ნებაყოფლობით გადასცემს მარიხუანას, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,
1. ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ მცირე ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე.
როგორც აღვნიშნეთ, მცირე რაოდენობად ითვლება მშრალი მარიხუანა 5 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანა 10 გრამამდე.
კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებამდე საქართველოში მარიხუანას მოხმარების დადგენის ფაქტი ისჯებოდა. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებდა.
ითვალისწინებს თუ არა ქართული კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთას მარიხუანას შენახვისთვის?
დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მშრალი მარიხუანა 70-დან 500 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანა 140-დან 1000 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.
მშრალი მარიხუანა 500 გრამზე მეტი, ხოლო ნედლი მარიხუანა 1000 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.