რა უფლება-მოვალეობები გააჩნია დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესში

რა უფლება-მოვალეობები გააჩნია დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესში

დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს.

დაზარალებულს უფლება აქვს:
იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
მიიღოს ინფორმაცია გამოძების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

    პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.