შრომის კოდექსი და, ზოგადად, ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „დეკრეტულ
შვებულებას“, როგორც ტერმინს, თუმცა ქართულ ყოფით მეტყველებაში „დეკრეტული
შვებულება“ დამკვიდრებული ტერმინია და მოიაზრებს ორსულობის, მშობიარობისა და
ბავშვის მოვლის გამო შვებულებას.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის
საფუძველზე, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
- 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183
კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -
200 კალენდარული დღე.
განსხვავებით, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებისაგან, დეკრეტული
შვებულებით სარგებლობისათვის აუცილებელი არ არის განსაზღვრული დროის
განმავლობაში (მაგ. 11 თვე) დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება.
დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების წარმოშობა
დეკრეტული შვებულების საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების
ვალდებულება დამსაქმებელს წარმოეშობა დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენის
მომენტიდან.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, დახმარების გაცემის საფუძველს
წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი(ე.წ. ბიულეტინი,
რომელიც ოჯახის ექიმის მიერ ივსება) რომელიც შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე
კვირიდან. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი შეიძლება
გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება დასაქმებულს თავისი
შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ
პერიოდებზე. შესაბამისად, შრომის კოდექსით გათვალისწინებული 730 კალენდარული
დღის ოდენობის დეკრეტული შვებულებით სარგებლობა დასაქმებულს თავისი
შეხედულებისამებრ შეუძლია, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის შემდგომ
პერიოდში.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ანაზღაურდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დეკრეტული შვებულების პერიოდზე
გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა 2000 ლარი. ამდენად, 183 კალენდარულ
დღეზე დეკრეტულ შვებულებაზე ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა შეზღუდულია
ერთჯერადი ფიქსირებული დახმარებით - 2000 ლარით.
დამსაქმებელი არ არის ვალდებული, გადაუხადოს დასაქმებულს ანაზღაურება
დეკრეტული შვებულების პერიოდის განმავლობაში. თუმცა, დამსაქმებელი და
დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.