რა არის თქვენი ინდივიდუალური საკუთრება ქორწინების პერიოდში?

 ინდივიდუალური საკუთრება ქორწინების პერიოდში

ქორწინება არა მხოლოდ ემოციური და სოციალური, არამედ სამართლებრივი კავშირიცაა, რომელსაც ქონებრივი შედეგები მოსდევს. ხშირად გვესმის ფრაზა „ყველაფერი საერთოა“, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ არეგულირებს, რომ მეუღლეთა ქონება იყოფა:
ინდივიდუალურ საკუთრებად და საერთო საკუთრებად (თანასაკუთრებად).
იმის ცოდნა, თუ რა ითვლება პირადად თქვენს საკუთრებად, მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და დაიცვათ თქვენი უფლებები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ის ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე, ასევე ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამასთან, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, გარდა ძვირფასეულობისა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. ამ უკანასკნელთან მიმართებით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები ძალიან ფართო განმარტებას იძენს, რომელსაც სასამართლო ძალიან ვიწროდ განიხილავს, შესაბამისად, ამაში შეიძლება მოვიაზროთ ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, წიგნები და ძალიან დაბალი ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები.
განქორწინების შემთხვევაში, ინდივიდუალური ქონება არ ექვემდებარება გაყოფას. ის რჩება იმ მეუღლეს, ვის საკუთრებაშიც იყო.
თუმცა, საინტერესოა, რომ ინდივიდუალური საკუთრება შესაძლოა იქცეს თანასაკუთრებად თუკი ქორწინების განმავლობაში მოხდა მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.