იპოთეკა: რას ნიშნავს ჩანაწერი უძრავი ქონების ამონაწერში?


როდესაც უძრავი ქონების ამონაწერს ვიღებთ და მასში იპოთეკის ჩანაწერს ვხედავთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა რას ნიშნავს ეს და უნდა გვაწუხებდეს თუ არა? იპოთეკის ჩანაწერი მხოლოდ ფორმალური ინფორმაცია არ არის და მას მნიშვნელოვანი სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს.
რა არის იპოთეკა?
იპოთეკა არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის მიხედვითაც მოვალის ან მესამე პირის უძრავი ქონება გამოიყენება კრედიტორის მოთხოვნის დასაცავად.
მნიშვნელოვანია, რომ იპოთეკის არსებობის პირობებშიც უძრავი ქონება რჩება მესაკუთრის საკუთრებაში.
რას ნიშნავს ჩანაწერი უძრავი ქონების ამონაწერში?
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ამონაწერში გაკეთებული იპოთეკის ჩანაწერი ნიშნავს, რომ კონკრეტული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით და ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რეესტრის ჩანაწერს აქვს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია:
საჯაროობა - მესამე პირებს წინასწარ ეცნობებათ ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ;
სამართლებრივი ძალა - იპოთეკა ძალაში შედის სწორედ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
პრიორიტეტი - კრედიტორის მოთხოვნის უპირატესობა განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
ნიშნავს თუ არა იპოთეკის ჩანაწერი ქონების დაკარგვას?
არა! იპოთეკის ჩანაწერი არ ნიშნავს საკუთრების დაკარგვას. მესაკუთრე კვლავ ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, თუმცა მისი განკარგვის უფლება შეზღუდულია.
ქონების იძულებითი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
უზრუნველყოფილი ვალდებულება არ შესრულდება;
კრედიტორი მიმართავს კანონით დადგენილ წესს (სასამართლოს ან აღსრულების პროცესს).
შესაძლებელია თუ არა იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა?
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გაყიდვა შესაძლებელია, თუმცა:
მყიდველი ქონებას იღებს იპოთეკით დატვირთულ მდგომარეობაში, თუ იპოთეკა წინასწარ არ მოიხსნება;
იპოთეკის არსებობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ქონების საბაზრო ღირებულებაზე.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ჩანაწერის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური და სამართლებრივი რისკები.
იპოთეკის ჩანაწერი საჯარო რეესტრში წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც იცავს კრედიტორის ინტერესებს და ამავდროულად აფრთხილებს მესამე პირებს უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.