იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.
პასუხისმგებელ პირად ითვლება იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმავე დანაშაულისათვის ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ფიზიკური პირის ქმედების მიმართ ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
იურიდიული პირის სასჯელის სახეებია:
ა) ლიკვიდაცია;
ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) ჯარიმა;
დ) ქონების ჩამორთმევა.
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.