როგორია პატიმრების ცხოვრების პირობები ციხეში:


პატიმრის საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის და სამკურნალო დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები.
პატიმრის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.
პატიმარი, რომელიც არის ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.
პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. პატიმრის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.
პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.
პატიმარს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას გამოიმუშავა ან პირად საბანკო ანგარიშზე ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა ჩაურიცხეს.
პატიმარს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი. პატიმარი, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. თუ პატიმარს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. პატიმარს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
პატიმარს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება. სუფთა ჰაერზე ყოფნის ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
პატიმრის გასეირნება ხდება დღის საათებში, პენიტენციური დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.