დღეს პერსონალური მონაცემები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად
ვაწვდით სხვადასხვა ორგანიზაციას ჩვენს სახელს, ტელეფონის ნომერს, პირად ნომერს, მისამართს
ან სხვა ინფორმაციას, თუმცა ყოველთვის არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რა მიზნით და როგორ
დამუშავდება ეს მონაცემები.
თანხმობის გაცემამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
ვინ აგროვებს ჩვენს მონაცემებს – ორგანიზაციის ან პირის ვინაობა უნდა იყოს ნათელი და
გასაგები;
რა მიზნით ხდება მონაცემების დამუშავება – მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ
კონკრეტული და კანონიერად განსაზღვრული მიზნისთვის;
რომელი მონაცემები მუშავდება – უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ინფორმაცია მოითხოვება
ჩვენგან;
ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები – აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია, გადაეცემა თუ
არა ჩვენი მონაცემები სხვა პირებს;
რამდენი ხნით შეინახება ინფორმაცია – მონაცემები არ უნდა ინახებოდეს იმაზე მეტხანს,
ვიდრე ეს საჭიროა;
რა უფლებები გვაქვს – ნებისმიერ პირს აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარ მონაცემებზე
წვდომა, მათი გასწორება, წაშლა ან გარკვეულ შემთხვევებში დამუშავების შეწყვეტა.
თანხმობა მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად ინფორმირებული, როდესაც პირი სრულად აცნობიერებს,
რას ეთანხმება. ამიტომ, სანამ შესაბამის დოკუმენტს ხელს მოაწერთ ან მონიშნავთ ღილაკს
„ვეთანხმები“, სასურველია ყურადღებით გაეცნოთ პირობებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენი
მონაცემების გამოყენების წესები თქვენთვის მისაღებია.
პერსონალური მონაცემების დაცვა თითოეული ადამიანის უფლებაა, ხოლო ინფორმირებული
გადაწყვეტილების მიღება – ამ უფლების დაცვის პირველი ნაბიჯი.