პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.
ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის:
*სახელით, გვარით, ტელეფონის ნომრით;
*საიდენტიფიკაციო ნომრით;
*გეოლოკაციის მონაცემებით;
*ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით
*ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
შენიშვნა: იურიდიულ პირს პერსონალური მონაცემი არ გააჩნია!
რა არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი?
ზოგიერთი პერსონალური მონაცემი, რომელსაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს საჭიროებენ დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს.
ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნება მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის:
*რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
*პოლიტიკურ შეხედულებებს;
*რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
*პროფესიული კავშირის წევრობას;
*ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას;
*ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.
რა არის ბიომეტრიული მონაცემი?
მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც მისი უნიკალური იდენტიფიცირების ან ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი, დაქტილოსკოპიური მონაცემი).
რა არის გენეტიკური მონაცემი?
მონაცემთა სუბიექტის შეძენილი ან მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც ბიოლოგიური მასალის ანალიზით მისი ფიზიოლოგიის ან ჯანმრთელობის შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა.
რას ნიშნავს პერსონალური მონაცემების დამუშავება?
მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის:
*მათი შეგროვება, მოპოვება,
*მათზე წვდომა,
*მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი,
*ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება,
*შენახვა, შეცვლა, აღდგენა,
*გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება,
*მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
გახსოვდეთ, არავის არ აქვს უფლება თქვენი პერსონალური მონაცემი დაამუშავოს უკანონოდ, თქვენი თანხმობის ან/და კანონიერი საფუძვლის გარეშე.