მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულის დროს სასჯელის ორი მესამედი;
გ) ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის სამი მეოთხედი;
პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიურო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო არის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.
თუ მსჯავრდებულმა, ფაქტობრივად მოიხადა პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს წარუდგინოს შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს.
მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.
შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, წარსულ ცხოვრებას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს.
თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობას. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ სამ თვეში.
საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ძალაში დატოვოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;
გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.