მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის
მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული.
ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც
თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის
ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს.
ასეთად, კი სამოქალაქო კოდექსი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ
უმადურობას. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ
ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
დასაჩუქრებულს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მისი თანხმობით, შესაბამისად ყველა
თანამდევ შედეგზე დასაჩუქრებული თავისი ნებით გამოთქვამს თანხმობას. ამდენად,
იგი წინასწარვე აცნობიერებს, რომ შესაძლებელია კანონით განსაზღვრული პირობების
არსებობისას მოხდეს ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვა და ჩუქების ხელშეკრულების
გაუქმება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ამ ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი,
რაც განპირობებულია მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით.
სწორედ ეს წარმოადგენს კიდეც ჩუქების მოტივს. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე
შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა მჩუქებლის ან მისი ახლო
ნათესავის მიმართ, სპობს იმ საფუძველს, რამაც ჩუქება წარმოშვა. დასაჩუქრებულის
მხრიდან ზნეობრივი ვალდებულების იგნორირება სავსებით სამართლიანად იწვევს
მჩუქებლის მხრიდან ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას.
გაჩუქებულის უკან დაბრუნების მოთხოვნისთვის არსებობს 2 წინაპირობა: მჩუქებლის
ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე
შეურაცხოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. დასაჩუქრებულის მიერ
მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ“ მძიმე შეურაცხოფის მიყენება“ ან „დიდი
უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძველები,
ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რა შედის უმადურობის ცნებაში
ან ვინ წარმოადგენს მჩუქებლის ახლო ნათესავს. სასამართლო პრაქტიკაში კი
მიღებულია, რომ დასაჩუქრებულის უმადურობად ითვლება:
ა) არამართლზომიერი
მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან აღმავალი და
დაღმავალი ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივის, ღირსების,
თავისუფლების ან საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ;
ბ) განზრახი მოქმედება, რომელიც
მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას; გ)
კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე-არჩინოს მჩუქებელი, უარის თქმა და სხვა.
მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფა შეიძლება გამოვლინდეს
როგორც ფიზიკური ქმედებით, მაგალითად, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისათვის ან
ქონებისათვის საფრთხის შექმნით, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფით.
მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან
შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის
შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად,
სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.
„მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი
კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების
შედეგად“.
ჩუქების გაუქმების საფუძვლად განსაზღვრულია არა მხოლოდ მჩუქებლის, არამედ მისი
ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის
მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ
დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების
გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი
ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად
უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასა და დასაჩუქრებულს
შორის არსებულ ვალდებულებით სამართალ ურთიერთობას.
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელს მინიჭებული აქვს უფლება,
„გააუქმოს“ ჩუქების ხელშეკრულება და მოითხოვოს ნაჩუქარი ნივთის უკან დაბრუნება.
ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი
შეიტყობს იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.