როგორ მივიღოთ სამკვიდრო მოწმობა პირის გარდაცვალების შემდგომ?
სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ
გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრემ განცხადებით უნდა
მიმართოს ნოტარიუსს და გამოხატოს საკუთარი ინტერესი სამკვიდროს მიღების
თაობაზე.
იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრე ამ 6 თვის განმავლობაში არ მიმართავს
ნოტარიუსს, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღების 6 თვიანი
ვადის გაგრძელება დასაშვებია შემდეგ შემთხვევაში:
* თუ ყველა სხვა მემკვიდრე თანახმა იქნება ამ ვადის გაგრძელებაზე;
* თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ამ 6 თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლა
გამოწვეულია საპატიო მიზეზით.
აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი
თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის
შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება
გააგრძელოს მხოლოდ სასამართლომ.
ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს, სამკვიდროს გახსნიდან, 6 თვის
გასვლის შემდგომ, ნებისმიერ დროს. სწორედ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზეა
შესაძლებელი მემკვიდრეებმა საკუთრებაში მიიღონ მამკვიდრებლის უძრავ-მოძრავი
ქონება ან/და სხვა აქტივი და პასივი (დავალიანებები).
