სასამართლო სხდომაზე არგამოცხადება ბევრ ადამიანს აშინებს. ხშირად გვესმის ფრაზები:
„თუ არ მივედი, ავტომატურად წავაგებ საქმეს?“
„ერთი სხდომა რომ გამოვტოვო, რა მოხდება?“
რეალობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი სიტყვით პასუხი. ამ სტატიაში მარტივად და პრაქტიკულად აგიხსნით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასამართლოზე არგამოცხადებას სამოქალაქო საქმეში.
რას ნიშნავს სასამართლოზე არგამოცხადება სამართლებრივად?
სასამართლოზე არგამოცხადება ნიშნავს, რომ მხარე (მოსარჩელე ან მოპასუხე) არ ესწრება დანიშნულ სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შესახებ სათანადოდ ჰქონდა შეტყობინება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შედეგები განსხვავებულია იმის მიხედვით, რომელი მხარე არ გამოცხადდა და რა ეტაპზეა საქმე.
თუ არ გამოცხადდა მოპასუხე - რა ხდება?
ეს არის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სარისკო შემთხვევა. თუ:
მოპასუხეს ჩაბარებული ჰქონდა სასამართლოს შეტყობინება;
არ გამოცხადდა სხდომაზე;
არ წარადგინა შესაგებელი ან სხვა პოზიცია;
არ წარმოადგინა საპატიო მიზეზი
სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს ე.წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან მოსარჩელის შუამდგომლობით სხდომას გადადებს ერთჯერადად.
❗ მნიშვნელოვანია:
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე ყოველთვის იმარჯვებს, მაგრამ პრაქტიკაში მოპასუხის არდასწრება მნიშვნელოვნად ასუსტებს მის პოზიციას.
თუ არ გამოცხადდა მოსარჩელე
ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.
თუ მოსარჩელე:
არ გამოცხადდა სხდომაზე;
არ წარადგინა პატივსაცემი მიზეზი;
სასამართლო ამ დროს გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სარჩელს დატოვებს განუხილველად ან მოპასუხის შუამდგომლობით სხდომას გადადებს ერთჯერადად.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მოპასუხის შუამდგომლობაზე. თუ მოპასუხემ არ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსამართლე ამას ვერ გააკეთებს. მოსამართლე განუმარტავს მოპასუხეს, რომ მას შეუძლია იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ თუ უარს იტყვის, მაშინ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც განმეორებით მიმართვის უფლებას უტოვებს მოსარჩელეს.
ეს ნიშნავს, რომ საქმე არსებითად არ განიხილება და მოსარჩელეს მოუწევს პროცესის თავიდან დაწყება, რაც დროსა და ხარჯებს ზრდის.
თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდა
ასეთ შემთხვევაში სასამართლო:
დატოვებს სარჩელს განუხილველად;
ყველაფერი დამოკიდებულია საქმეზე, ეტაპზე და სასამართლოს შეფასებაზე.
ყოველთვის პრობლემაა არგამოცხადება?
არა. არსებობს შემთხვევები, როცა არგამოცხადება დასაბუთებულია.
პატივსაცემ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს: ჯანმრთელობის მდგომარეობა; შეტყობინების ფაქტობრივად არმიღება; გადაუდებელი გარემოებები. თუმცა მხოლოდ მიზეზის არსებობა საკმარისი არ არის - აუცილებელია მისი დადასტურება (ცნობა, მტკიცებულება, განცხადება).
რა არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება?
დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოდის მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე (ხშირად მოპასუხე) არ მონაწილეობს პროცესში.
მნიშვნელოვანი დეტალი:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ კანონით დადგენილ ვადებში. ვადის გაშვება პრაქტიკულად ნიშნავს საქმის საბოლოოდ წაგებას. სწორედ ამიტომაა სახიფათო სასამართლოს შეტყობინებების უგულებელყოფა.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები:
❌ სასამართლოს შეტყობინებების არწაკითხვა
❌ ვადების არ ცოდნა
❌ ფიქრი, რომ „ერთ სხდომას არაფერი მოჰყვება“
ეს შეცდომები ხშირად იწვევს სრულიად არასასურველ შედეგებს.
თუ სასამართლოდან მიიღეთ შეტყობინება - არ დააიგნოროთ. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ საქმე „მარტივია“, ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. სასამართლო პროცესი ფორმალური არ არის. თითოეულ სხდომას, ვადასა და გადაწყვეტილებას რეალური სამართლებრივი შედეგი აქვს. ინფორმირებული მოქალაქე გაცილებით დაცულია, ვიდრე ის, ვინც ფიქრობს, რომ „არ გამოცხადება არაფერს შეცვლის“.