აქვს თუ არა პატიმარს სატელეფონო საუბარის უფლება?


ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია.
სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით.
მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა.
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა.
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა. განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება.