საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საზღვარგარეთ ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად
ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართული კანონმდებლობის
მიხედვით.
საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საზღვარგარეთ ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ
ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართული კანონმდებლობის
შესაბამისად, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით.
საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის
არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.