უღირსი მემკვიდრე


როგორ ხდება პირის უღირს მემკვიდრედ ცნობა?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს უღირსი მემკვიდრის ცნებას, კერძოდ:
არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
აუცილელად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
- გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
- სასამართლოს სარჩელით უნდა მიმართოს იმ პირმა, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
- უღირსი მემკვიდრე კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
- თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.
- ერთადერთი გზა, რომ უღირსმა მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღოს არის თუ მამკვიდრებელი მას აპატიებს და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.